დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება.
გოგიჩაიშვილის თქმით, მას პრემიერთან კონკრეტული კითხვები ექნება, მათ შორის არის ეს ქვეყნის პრემიერი თუ მენეჯერი.
„ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.